ავსტრია

ჩესკი ბუდოვიცეში ჩავედი. ჟანი დამხვდა სადგურში. ვიყიდეთ ხინკლის მასალა, შევუერთდით რესტორანში მის მშობლებს და ჩეხური სუპიც დავაგემოვნე... საინტერესო ნაზავი იყო, გემოც, ლუდიც დავაყოლე და ქალაქის ცენტრის დასალაშქრად წავედით.

მშობლები კარგად დაღლილები იყვნენ უკვე და რესტორანში დარჩენა არჩიეს
ქუჩებში ხეტიალის დროს, მედა ჟანმა განვიხილეთ დასავლეთ ევროპული ქვეყნების ახალი ტენდენციები ბარებისა და რესტორნების ირგვლივ, თუ როგორ და რატომ ცდილობენ რესტორნისა და ბარის მეპატრონეები უფრო მიმზოდველი და კეთილმოწყობილი გახადონ საკუთარი  ბარ-რესტორნები, სადაც დახვეწილი ტანსაცმელი და ქცევაა საჭირო, რაც ხალხისთვის დამღლელიცაა და ამავე დროს ჩარჩოებსაც უწესებს მათ თავისი "ფენსი" აღჭურვილობითა და მომსახურებით, რომ არაფერი ვთქვათ ფასებზე. ხალხი კი ეძებს ადგილებს, სადაც კედლებიც კი "გაჭვარტლულია" და ყველაფერი მოძველებულად გამოიყურება, სადაც ფასბიც დაბალია და თან, არავინ გთხოვს დახვეწილ მანერებსა და ჩაცმულობას
 

ეს მართლა ასეა, თუ დააკვირდებით, ევროპაში ხალხმრავლობაა იმ ადგილებში, სადაც ყველაზე უბრალო და მოძველებული გარემოა, მაგრამ დახვეწილი გემოვნებით მორთულ-მოკაზმულ კაფეებსა და რესტორნებს არავინ, ან ძალიან იშვიათობა სტუმრობს.
ასევე ვისაუბრეთ ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც რესტორანს ხშირად სტუმრობს და ესეც ახალი ფენომენია " ჩვენ სად გვქონდა რესტორნის ფული?!" ამბობს ჟანი...
ჩესკი კრუმლოვისა და ჩესკი ბუდოვიცესთვის სისადავე იყო დამახასიათებელი, რაც ასე იზიდავს დასავლეთ ევროპულ მნახველს და აძლევს მეტ თავისუფლებას...
საინტერესო იყო ჟანის მშობლების გაცნობაც. საყვარელი გერმანელი წყვილია. ხუმარაც და მხიარულიც. მე მართალია გერმანული არ მესმის და მათ კი ინგლისური, მაგრამ ჟესტების ენაზე ვისაუბრეთ. ეს ხომ ინტერნაციონალური ენაა... 
საღამოს, 12 საათის მგზავრობისა და ბუდოვიცეს ერთ საათიანი ვიზიტის შემდეგ, წავედით ლინცში. საათნახევარი გზა და უკვე ავსტრიაში ვართ...

მეორე დღე ავსტრიული ტბების დათვალიერებით შემოიფარგლა. ვნახეთ სამი საყვარელი ადგილი, მსგავსი იყო სამივე. სამი ტბა და მის გარშემო სოფლები... ვიპიკნიკეთ და ნარდიც ვითამაშეთ... დღეს უკვე მხოლოდ მე მოვიგე, მგონი აღარ მეთამაშება ჟანი... სულ წაგება არც ისე სასიამოვნოა... ტბები მოვიარეთ, წიგნიც ვიკითხეთ წყლის პირას და ახლა ვუბრუნდებით ლინცს, სადაც ხინკალს გავაკეთებთ ალბათ... საინტერესო დღე იყო უამრავი ფიქრითა და ემოციით სავსე, როგორც გარემოს, ასევე ხალხზე დაკვირვებით...

 

 


 



Comments