PRAGUE AND OTHER NEWS...08.08.2015

პირველ აგვისტოს სოფოსთან ვზიტი შემომეგეგმა (რა კარგი "შემო"-ები ვიცით ხოლმე). და დილის 4 საათზე, ერთი საათით ადრე მივედი სადგურში, პოზნანში. რატომ ერთი საათით ადრე და იმიტომ რომ, დაგვიანების შიშმა არ მომასვენა... :) მელოდა 8:45 წუთიანი მგზავრობა პრაღამდე. მერე რა მოხდა???
პატარა ჩანაწერები პრაღიდან:

"ვზივარ Polski bus-ში. ჩემს გვერდით სავარაუდოდ პოლონელი გოგო ზის და ისე მონდომებული ელაპარაკება უკან მჯდომებს, არ გაჩუმდება მთელი ღამე ალბათ.... არადა დილის ხუთი საათია... ასე მონდომებით რას ყვება ნეტა მაცოდინა... "


პრაღაში პირველი დღე ბევრი ხეტიალით და წითელი ღვინით დასრულდა ერთ-ერთ ულამაზეს რესტორანში. ღვინოსაც არაუშავდა. :) მაგრამ საღამო ძალიან კარგი იყო...

"სოფომ დაიძინა და მე რა ვაკეთო არ ვიცი. ფაქტია ემოციები არ მაძინებს. უკვე მეორე ღამეა პრაღაში ვარ, სოფოსთან ერთად. გუშინ, ჩარლის ხიდს ვესტუმრეთ და ხალხის დიდ ნაკადში და სოფოსთან ლაპარაკში, ხიდი სულ დამავიწყდა, მგონი არც ერთი ფიგურა არ დამინახავს და არ მიგრძვნია. ფიგურა როგორ უნდა იგრძნოვო მეტყვით, მაგრამ ჩარლის ხიდია და აბა როგორ... მაგრამ ასეც ხდება, როცა მონატრებულ მეგობარს ხვდები და პრაღაში რომ ხარ გავიწყდება. უბრალოდ ლაპარაკობ და ლაპარაკობ... გუშინდელ ლაპარაკს ვინ ჩივის, შუადღეს შევხვდი და რა პრობლემა რამოდენიმე საათი ლაპარაკი, მაგრამ დღეს?!... დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე რეკორდების რეკორდი მოვხსენით, არ გავჩუმებულვართ და თემებიც არ ამოწურულა... სასწაულად კარგი დღე იყო. მეგობარმა ამდენი რამ გააკეთოს შენთვის, ასე გასიამოვნოს, ყველა შენი კაპრიზი შეასრულოს, და ასე აგიბას მხარი ყველაფერსი "ne vim"... (სოფოს ფრაზა "არ ვიცი").  მგონი იღბლიან ვარსკვლავზე ვარ დაბადებული და არ ვიცი... ისე ბედნიერი, ემოციებით სავსე ვარ, მეყოფა ალბათ ერთი თვე... სოფ! ერთი თვე და მერე უნდა ჩამოხვიდე შენც ჩემთან!!!

რატომ იყო სასწაულად კარგი? - იმიტომ რომ იდეალური საუზმის მომზადებით დაიწყო სოფომ, მერე იდეალური ამინდი გარეთ და პრაღის დაპყრობის იდეალური არადაგეგმილი გეგმა. უკვე მესამედ ვარ პრაღაში, მაგრამ ასე კარგად არ მიგვრძვნია აქაურობა აქამდე. მშვიდი დღე იყო, არსად გვეჩქარებოდა და უამრავი რამ ვნახეთ... პირველად ვიყავი სინაგოგაში დღეს. მერე აღმოჩნდა, რომ მთელი დღე ებრაელებს მიუძღვენით. რამოდენიმე სინაგოგა და ებრაული სასაფლაოც მოვინახულეთ."


 




 

პრაღის მესამე დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ და ძვირფას, ჩეხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ, რომელიც 1777 წელს დაარსდა. განსაკუთრებით დიდ აღფრთოვანებას ბაროკოს საბიბლიოთეკო დარბაზი, კლემენტიუმი იწვევს, მოხატული ჭერით და რაღაც ამოუხსნელი შეგრძნებით, რომელსაც განიცდი, როცა ამ დარბაზში მოხვდები...  ასევე სამ-განზომილებიანი ჭერი, რომელიც დარბაზს უფრო გრანდიოზულს ხდის (by Jan Hiebl) .. 18 საუკუნეში უკვე ყოფილა ეს შესაძლებელი და ჩვენ ახლა გვიკვირს?

ბიბლიოთეკის შენობა მხოლოდ ამ ულამაზესი დარბაზით არ მთავრდება. ასევე არის ყველაზე მაღალი კოშკი პრაღაში, საიდანაც ულამაზესი პრაღის დანახვა სრულადაა შესაძლებელი.

 კოშკი, სადაც პირველი დაკვირვებები მიმდინარეობდა დროსა და ამინდზე. ეს კლემენტიუმის კომპლექსი, 2005 წლიდან, იუნესკოს მემკვიდრეობის ქვეშაა და მსოფლიო მემკვიდრეობა იცავს.
პრაღის ბოლო დილა ასეთი გრანდიოზული შეგრძნებით დასრულდა და ისევ რვა საათნახევრიანი მგზავრობა მელის წინ...  (but never mind, because much info needs to be digested).

სოფიო ესპანეთში გავაცილე და მე ჩემს "მშობლიურ" პოლონეთში, პოზნანში დავბრუნდი...
უფფფ...მეგონა, არა... არ მეგონა, მართლა კარგად ვიყავი, მაგრამ სახლში მისულს სიურპრიზები დამხვდა... :)

Comments