ცხოვრების ცხოვრება...

ხშირად ვფიქრობ ხოლმე საქართველოში რატომ ვართ მოწყენილები, რატომ არ გვაქვს ცხოვრების ხალისი, რატომ არ გვიხარია არაფერი, რატომ გვგონია ყველაფერი უაზრობა და კიდევ უამრავი რატომ... შეიძლება, ძალიან ტენდეციურად ჟღერს ეს წინადადება, რადგან საქართველოში 100 პროცენით ასეთები არ ვართ, და კარგია... მაგრამ მე უფრო მეტი მინდა ვიდრე ვართ, ესაა პრობლემა...
გუშინ, პოზნანში ინგლისურენოვან თეატრალურ წარმოდგენას დავესწარი... უმეტესობა ადამიანების, მსახიობებიც და მაყურებლებიც იყვნენ უცხოელები.
ადამიანების ჯგუფმა, მოიფიქრა და შექმნეს პატარა "მსახიობთა კლუბი", იმუშავეს საკმაოდ ბევრი და დადგეს სპეკტაკლი "დებორას წვეულება", რომელსაც დავესწარი მეც.
კულუარული ისტორიებიდან გავარკვიეთ, რომ ეს პირველი სპეკტაკლი არ იყო მათთვის. დიდი ნიჭი და მსახიობობის ოსტატობა აჩვენესთქო ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე მეტად ის იყო საინტერესო, რომ ამ ადამიანების უმეტესობას თავისი საქმე აქვს, და საერთოდაც, არ არიან კავშირში მსახიობობასთან. სხვადასხვა კომპანიებში მუშაობენ. მათ აქვთ სურვილი შეიკრიბონ და საკუთარი სურვილები განახორციელონ, სიამოვნება მიიღონ, რეპეტიციებს დაესწრნენ თვეების მანძილზე, იპოვონ უამრავი საშუალება, რაც სპეკტაკლის დაგეგმვა განხორციელებას სჭირდება, იქირავონ დარბაზი ან მოძებნონ ორგანიზაციები, ვინც უფასოდ დაუთმობს სივრცეს, სცენარი, კოსტიუმები და კიდევ უამრავი რამ რაც სპეკტაკლთანაა კავშირში და შეიძლება მე, ვერც კი გავიაზრო შორიდან... მაგრამ მათ ვერ შეამჩნევთ, რომ ეს რთული პროცესი, მათ არ უხარიათ. პირიქით ძალიანაც უხარიათ, რომ აქვთ სირთულეები და უწევთ ამ სირთულეების გადალახვა, უხარიათ, რომ წინ მიიწევენ და შედეგი მათთვის მაინც და მაინც ფული არა, მათ უხარიათ რომ "საკუთარ ჭიას" ახარებენ, უხარიათ, რომ აქვთ ჰობი და ეს ჰობი ისეთივე ცხოვრების ნაწილია.ისინი ასევე წუწუნებენ, რომ დაიღალნენ, ან ის რომ არ აქვთ საკმარისი შემოსავალი, ან შეყვარებულს დაშორდნენ, ან არ გაუმართლათ რაღაც საკითხებში. მათ ეს ყველა პრობლემა აქვთ, მაგრამ მაინც, ცხოვრობენ ლაღად, იმიტომ რომ იციან, ბედნიერებას თვითონ თუ არ შეიქმნიან, ის თავისითავად არ ჩნდება. უნდა იზრუნო და უნდა ეძებო, უნდა გაარკვიო რა არის ბედნიერება, რომ მერე ის განახორციელო.
მადლობა ამ ადამიანებს, რომ მომცეს საშუალება ეს ყველაფერი დამენახა და გამეანალიზებინა. უამრავი ემოცია მიტრიალებს და მინდა, რომ ეს შინაგანი განწყობა ჩვენც გვქონდეს, რამე ჩვენთვის სასიამოვნო ვაკეთოთ. თუნდაც მარტივი, რომელიც ცოტა მაინც გაახალისებს ჩვენს მოწყენილ ცხოვრებას, მიუხედავად ბევრი არასასიამოვნო რაღაცეებისა რაც ხდება ჩვენს გარშემო. ეს მარტო სპეკტაკლის დადგმას არ გულისხმობს, ეს უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითია, რამაც მე ადამიანების ცხოვრების განსხვავბულობა დამანახა. წინა პოსტი ხომ ზუსტად ამას ეხებოდა, რომ ბედნიერება დეტალებშია და არა ერთ დიდ მოვლენაში.
ეს ადამიანები ანალიზებენ საკუთარ სარგებელს ამყველაფრის შედეგად და სრულად იღებენ, ირგებენ ამ სარგებელს, როგორც პროცესით, ასევე შედეგითაც...
ფინალში, სპეკტაკლზე უყურებ ამ ადამიანებს და ხვდები, რომ ადამიანები ცხოვრობენ, არ იწყენენ, აკეთებენ ყველაფერს, რომ დაივიწყონ ის პრობლემები, იგრძნონ რომ ცოცხლები არიან და ყოველდღიური რუტინის გარდა სხვა რამეებიც არსებობს.
მაგრამ მთავარი ისაა რომ ეს უნდათ და ამიტომაც აკეთებენ, გამოდის საქართველოში ჩვენ მოგვწონს ის რეალობა რაც გვაქვს, უბრალოდ მივეჩვიეთ წუწუნს და იმის მცდელობაც კი არგვაქვს, რომ რამე შევცვალოთ.

Comments