სახლი მინდოდა მქონოდა...

ეს პოსტი Facebook-იდან და სურათი უკვე ორ წელს ითვლის... ამ სურათის აღმოჩენისთანავე, რუსთაველზე, სონის მაღაზიის კედელთან, კუთხეში, ემოცია ზუსტად მესმოდა ადამიანის ვინც ეს შექმნა, კიდევ უფრო კარგად მესმოდა და მესმის ადამიანების, ვინც ვერ მოითმინა და ტექსტი მიაწერა "მეც, ჩვენც, მეც მინდა"... ჩემს სურათს, რომელიც ჩემი იდეაა არაა, მაგრამ სურათი ჩემი გადაღებულია, ბევრი გამამხნევებელი კომენტარიც მოჰყვა, თუმცა ოცნება შორს, მიუწვდომლად მეჩვენებოდა მაშინ და უბრალო გამხნევება მეგონა მეგობრების, რომლებიც მეუბნებოდნენ რომ მექნებოდა სახლი. თუ ეს შეიძლებოდა ჩემი რეალობა ყოფილიყო ოდესმე, ამის საბაბი არ არსებობდა და მე ხომ ზედმეტად რეალისტი ვარ, ამიტომ გულდაწყვეტილი, სურათზე გამოსახული განწყობით ვაგრძელებდი ცხოვრებას. მაგრამ სასწაულები ხდება ადამიანებო, ოცნებები ნამდვილად სრულდება, უბრალოდ უნდა მივდიოთ მათ და მერე "ვაღიაროთ" რომ გუშინდელი "ოცნება" დღეს რეალობაა... "ტოსკანის მზის ქვეშ" არ იყოს, ხშირად სახეშეცვლილი, მაგრამ ოცნებები მართლაც გვისრულდება, მაგრამ ჩვენს ოცნებაში დანახულს თუ ერთი მარცვალი მაინც აკლია, გვგონია რომ ეს ის არაა და უკმაყოფილების შეგრძნება სრული ბედნიერების აღქმას გვართმევს... მაგრამ ეს ის ოცნებაა და უბრალოდ დატკბი, თუნდაც სულ ცოტა იყოს მიიღე და დააფასე... არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სურათმა უამრავი ემოცია გააღვიძა და საკუთარი თავიც დამანახა მაშინ და დღეს... ჩემებურად-ბედნიერ-სევდიან, ჯერ კიდევ ოცნება-აუსრულებელ ხასიათზე ვარ და ეს მახარებს... მისდიეთ ოცნებებს და ერთ დღეს იგივე განცდა თქვენც გაგიჩნდებათ. და თუ ახლა არ გესმით რას "ვბოდიალობ", მერე ნამდვილად გამიგებთ...

Comments