პოზნანი - პრაღა- ბუდოვიცე

ჩეხეთში მივდივარ. ჟანმა დამპატიჟა თავის ოჯახში. აღდგომას ერთად შევხვდებით მის მშობლებთან ერთად. ჟანი ვინაა? ჟანი ჩემი ლექტორია, რომელსაც საქართველოში, როგორც სტუდენტი შევხვდი, მერე დავმეგობრდით და სვანეთი "აღმოვაჩინეთ" და ახლა უკვე "ჩეხეთს და ავსტრიას აღმოვაჩენთ" მასთან და მის მშობლებთან ერთად და აღდგომის კათოლიკურ ტრადიციებსაც ვეზიარები.
მგზავრობა ზოგადად მოსაწყენია... გძინავს, თან ვერ გძინავს. ხან ფეხი გიბუჟდება, ხან კისერი გიშეშდება და თან მაშინ, როცა სიგრძეში 180 სანტიმეტრი ხარ და არც სიგანე გაკლია, კიდევ უფრო რთულდება პროცესი.
მაგრამ ძილი და მოწყენილობის დონე დაბლა ეცემა, როცა 15 წუთი ჩერდება ავტობუსი და ყავის დალევის საშუალება გეძლევა. ყავას სვავ და სამყარო სხვა ფერებში ჩანს. აქამდე ვერ ვამჩნევდი რამდენი ეროვნება მგზავრობდა თურმე ჩემთან ერთად. უფრო მეტიც, ბავშვები და მათი ხმაურიც კი ვერ შევამჩნიე, მაგრამ გასაკვირი არაა ალბათ, რადგან ავტობუსი ორჯერ გაჩერდა და მგზავრების უმეტესობაც ორჯერ შეიცვალა. ჩემი მგზავრობა პოზნანში დაიწყო და პრაღაში დასრულდება. მერე შევიცლი ტრანსპორტს და ჩეხეთის პატარა ქალაქ ბუდოვიცეში გადავინაცვლებ ავტობუსით. პრაღაში აღარ ვჩერდები... შევხვდები ჟანს და მერე ჟანის გეგმით გავაგრძელებ მოგზაურობას... სად და როგორ არ ვიცი. ვიცი რომ ხინკალი უნდა გავაკეთოთ ერთ საღამოს... აღდგომას ავსტრიაში ქართული ხინკლით ავღნიშნავთ... საინტერესოა...
მაგრამ მე წერამ სხვაგან წამიყვანა ავტობუსზე უნდა მომეყოლა. ჩემს უკან სამი რუსი ზის, ან უკრაინელი, ყოველშემთხვევაში რუსულენოვნები არიან. მათ გვერდით ფრანგები. ჩემს მარჯვნივ უმრავლესობა, გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, ინდოელები არიან და წინ ორი პოლონელი. ნუ შუაში მე ქართველი. დანარჩენ ავტობუსს ვეღარ ვაკონტროლებ. კი, როგორ არა, ინგლისურენოვანი ორი ადამიანიც შევამჩნიე, ბრიტანული აქცენტით. ინდოელები ოჯახებით არიან და ორი პატარა ბავშვიც მგზავრობს მათთან ერთად. საინტერესოა როგორ ზრუნავენ შვილებზე. როგორ ართობენ და მხიარულობენ თვითონაც. ვგრძნობ რომ ხალხს ეს აღიზიანბს, მაგრამ მე მომწონს, თავის თავს ისე გამოხატავენ როგორებიც არიან. გოგონა სულ რაღაც ორი წლის იქნება და უკვე ოქროს საყურე აქვს ჩამკონწიალებული. დედას ცხვირზეც კი აქვს საყურე (პირსინგი) არათუ ყურებზე. მეორე ბავშვი ბიჭია და უფრო პატარაა, ჭიაყელასავით დაძვრება დედის და მამის თავზე... ისეთი საყვარელი სურათებია, მეც მომინდა შვილი და მისი მზრუნველობა, მოფერება... ძალიან...
კიდევ სამი საათი დამრჩა ავტონუსში. ჯამში 9 საათი უნდა ვიმგზავრო... გაიფიქრეთ უფ რამდენიაოო, ხოო? კი, მართლა ბევრია. დავიღალე... ახლა ცოტას იტალიურს ჩავუჯდები და დროც გავა... დროებით...



ჩავედი პრაღაში, სადგური შევიცვალე და ცოტა ვიბოდიალე, ერთი საათი ზედმეტი მქონდა და ავტობუსების სადგურის შემოგარენი დავლაშქრე და მაკდონალდსაც გადავაწყდი.
რომ არ გეგმავ და ყავაც შემოგეყიდება და სხვა არაჯანსაღი საკვებიც, ეს ის სიტუაციაა... მერე ისევ ვუბრუნდები სადგურს და უკვე ბუდოვიცეში გამგზავრების დროც დგება. ვჯდები ავტობუსში და სრულად შევიგრძნობ ევროპული ტრანსპორტის პრიორიტეტებსა და კომფორტს. ჩემი სკამი სამი ნომერია, რაც ნიშნავს მძღოლის გვერდით ვარ და გზა ჩემს თვალწინაა...
აქ გამიმართლა მაგრამ სხვა პრივილეგიები ჯერ წინაა....

ჩემს წინ ყურსასმენების დიდი ყუთი დგას, რაც იმას ნიშნავს რომ კინოს, ადგილობრივ ტელევიზიასა და მუსიკას შორის დიდი არჩევანია. ასევე პატარა ეკრანიც ჩემს წინ ადასტურებს ამის ჭეშმარიტებას.



ღვედს აუცილებლად იკრავ და 15:00 Student Agency უკვე მოძრაობაშია ქალაქ ბუდოვიცესკენ. ეს პატარა ქალაქი ჩეხეთის სამხრეთით მდებარეობს და წარმოადგენს სამხრეთ ბოჰემიური რეგიონის ყველაზე დიდ ქალაქს ჩეხეთში. ქალაქი, ბოჰემიის მეფის, ოტოკარ მეორის მიერ დაარსდა მეცამეტე საუკუნეში და ცნობილია სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტითა სამეცნიერო ცენტრებით. სურათებსაც მოგაწვდით ნახვის შემდეგ... ევროპული რტანსპორტის, კიდევ ერთი დიდი პლიუსი უფასო ყავაა... ჩემთვის ყავა, თორე არჩევანში ჩაი და ცხელი შოკოლადიცაა, არაფერს ვამბობ ინტერნეტსა და ჩემს ფეხთან განთავსებულ "დენცქვიტაზე", რომელიც ყველაზე საჭიროა "სმარტფონების" ბატარიების უსუსურობის გადამკიდე...


ყველაფერი ერთად, მუსიკა, გარეთ უკვე გამწვანებული ჩეხეთის მდელოები და ცხელი ყავის გემო პირში, საუკეთესო განწყობას ქმნის და ბედნიერებისთვის ღიმილიღა დამრჩენია.

ამ დიდ უსასრულო სამყაროში მე ხომ პატარა წერტილი ვარ, რომელსაც ადგილის პოვნა მინდა დიდ "ჯიგსოუს პაზლში", იმ ერთადერთი და შეუცვლელი ადგილის, როგორც ამ სურათშია..

Comments